რა არის სოლიდარობის ფონდის მიზანი და რა სახის დახმარებას გთავაზობთ ფონდი?'
ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური და სამედიცინო დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია.
 
საწყის ეტაპზე, 2014 წლის 25 აგვისტოდან საქართველოს სოლიდარობის ფონდი იხილავდა 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსებისათვის განცხადებებს, ხოლო 25 სექტემბრიდან აფართოვებს პროგრამას 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ყველა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვისა და ახალგაზრდების აპლიკაციებს. თანადაფინანსება მოიცავს როგორც სოლიდური სიმსივნეებს (სხვადასხვა ორგანოთა და ქსოვილთა), ასევე ონკოჰემატოლოგიურ (სისხლმბადი სისტემის) ავთვისებიან სიმსივნეებს. 
როდიდან შესძლებს ფონდი 21 წელზე უფროსი ასაკის ონკოლოგიური პაციენტებისა და ბავშვთა სხვა დაავადებების დაფინანსებას?
  • ფონდის საქმიანობა თავდაპირველად მხოლოდ 18 წლამდე სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების დახმარებაზე იყო ორიენტირებული, რამდენადაც ფონდის მიერ მობილიზებული ფინანსური სახსრები მხოლოდ აღნიშნული ასაკისა და დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდაჭერისათვის იქნებოდა საკმარისი;
  • ფონდი მიზნად ისახავდა 2014 წლის 1 დეკემბრამდე 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციართა დაფინანსებას, თუმცა ფონდმა უკვე შესძლო გაფართოვება და 2014 წლის 25 სექტემბრიდან ღებულობს აპლიკაციებს 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების და ახალგაზრდების დასახმარებლად;
  • ფინანსური რესურსების ზრდის პარალელურად 2015 წლის დასაწყისში ფონდი გამოაქვეყნებს ინფორმაციას 22 წლის ასაკიდან ზემოთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შესაძლო დახმარების თაობაზე;
  • 2015 წლის მარტში ფონდი შეიმუშავებს შშმპ და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამებს,
  • დაბოლოს 2016 წლიდან შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური პატრონაჟის (სპონსორობის) პროგრამების ამუშავება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მარტოხელა ასაკით პენსიონერების მხარდასაჭერად.
დღეისათვის, რა დახმარების გაწევაა შესაძლებლი 21 წლის ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის?
2014 წლის 25 სექტემბრიდან სოლიდარობის ფონდი 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად შესაბამისი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე შემდეგი 7 სერვისის თანადაფინანსებას განიხილავს:
  1. საზღვარგარეთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვას მიელოდისპლაზიური სინდრომის, აპლასტიური ანემიისა და მწვავე ლეიკემიების რეციდივების შემთხვევაში; აღნიშნული მოიცავს თანადაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე მოქმედი უწყებათაშორისი რეფერალური კომისიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური სამსახურების დაფინანსების გათვალისწინებით;
  2. საზღვარგარეთ ონკოქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას, რომელთა განხორციელება საქართველოში ვერ ხერხდება (მაგალითად ოსტეოსარკომების - ძვლის სიმსივნეების შემთხვევაში);
  3. საზღვარგარეთ სხივური თერაპიის თანადაფინანსებას ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის ან სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში მცირე წლოვანი ასაკის (7 წლამდე) ბავშვებისათვის;
  4. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებისას ფონდი ასევე განიხილავს პაციენტისათვის მგზავრობის (ტრანსპორტირების) ხარჯის დაფარვას;
  5. ფონდი განიხილავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ლიმიტების ფარგლებს გარეთ განმეორებითი მაღალტექნოლოგიური კვლევების - კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის (MRI) ხარჯებს;
  6. ასევე შესაძლებელი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ლიმიტისა და სატარიფო არეალის ფარგლებს გარეთ მოხვედრილი ქიმიო-თერაპიის ხარჯების თანა-დაფინანება;
  7. დაბოლოს, ფონდი დაფარავს საზღვარგარეთ სადიაგნოსტიკოდ პაციენტის მონაცემებისა და მასალების გადაგზავნასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს.
რა დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო სოლიდარობის ფონდის მიერ განცხადების განსახილველად?
სოლიდარობის ფონდის ფინანსური დახმარების მაძიებელთა (21 წლის ასაკი ჩათვლით ონკოლოგიურ პაციენტთა) აპლიკაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
  1. პაციენტის პირადობის დამადასტურებელი საბუთი – დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა ან პასპორტი; 18-წლამდე ასაკის შემთხვევაში – მშობლ(ებ)ის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი
  2. პაციენტის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100), რომელშიც მითითებულია დიაგნოზი და რეკომენდირებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებებ
  3. საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩასატარებელი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა (ანგარიშფაქტურა, ინვოისი) შესაბამისი ორგანიზაციის (კლინიკის) ოფიციალური ბეჭდითა და ხელმოწერით დამტკიცებული
  4. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობა/წერილი, რომელშიც მითითებულია პაციენტისათვის ფორმა N100-ით რეკომენდებული ღონისძიებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით ან/და „რეფერალური კომისიის“ მიერ დამტკიცებული დაფინანსების ოდენობა ან დასაბუთებული უარი
  5. საზღვარგარეთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის ცნობა, რომ რეკომენდირებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ღონისძიებები   საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში ვერ ტარდება
დამატებით განცხადებას სასურველია ერთვოდეს:
  1. ადგილობრივი ხელისუფლების (მუნიციპალიტეტების) სოციალური სამსახურების მიერ გაცემული ცნობა პაციენტისათვის ფორმა N100-ით რეკომენდებული ღონისძიებების თანადაფინანსების თაობაზე (როგორც დადებითი ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები);
ონკოლოგიურ პაციენტთა დასახმარებლად მოქმედი ფონდების მიერ გაცემული ანალოგიური ცნობები (დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, ბერია ანდრიას ფონდი, სხვ).
როგორ მოვიქცეთ თუ ვერ წარმოვადგენთ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზემოთ აღნიშნული ფონდების წერილებს?
  • თუკი პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვერ წარმოადგენენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზემოთ აღნიშნული ფონდების წერილობით დასტურს თანა-დაფინანსების თაობაზე, პირველ ეტაპზე (2014 წლის 1 დეკემბრამდე) საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი გუნდი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პაციენტის დოკუმენტაციის განხილვამდე თავად უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებას.
როდის და სად უნდა წარედგინოს საქართველოს სოლიდარობის ფონდის ფინანსური დახმარების მაძიებელთა განცხადებები?
  • განცხადებები შესაბამისი დოკუმენტაციით მიიღება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიის საშუალებით (მის. თბილისი, ინგოროყვას ქ.7), რომელიც შესაბამის აპლიკაციას გადაამისამართებს საქართველოს სოლიდარობის ფონდის ოფისში.
დოკუმენტების წარმოდგენა ასევე შესაძლებელი იქნება საქართველოს სოლიდარობის ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (solidarity@geo.gov.ge).
როგორ მოვიქცე, თუ არ ვარ უკიდურესად გაჭირვებული, მაგრამ სამკურნალოდ საჭირო თანხა არ მაქვს (ან არ მყოფნის)
ფონდი ბენეფიციარებს დააფინანსებს სოციალური სტატუსის მიუხედავად. განურჩევლად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, 21 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვსა და ახალგაზრდას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს ფონდის დახმარებით.
ვინ წყვეტს და როგორ განისაზღვრება, თუ ვის მიენიჭება დაფინანსება?
  • სოლიდარობის ფონდში შემოტანილ თითოეულ განცხადებას იხილავს საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისია.
  • კომისიის წევრები არიან სახელმწიფო უწყებების (მთავრობის ადმინისტრაციის, ჯანდაცვის, ფინანსთა, საგარეო და კულტურის სამინისტროს), კერძო სექტორის (ბიზნეს და საბანკო ასოციაციის) და არასამთავრობო (ფონდი „იავნანა“) ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  • კომისიის თითოეულ სხდომას დამკვირვებლის სტატუსით ესწრება გაეროს, მსოფლიო ბანკისა და აშშ საელჩოს წარმომადგენლები.
  • სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ სხდომაზე მოწვეული არიან ექსპერტები – პირველ ეტაპზე პედიატრი ონკოლოგები, რამდენადაც ფონდი 18-წლამდე სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების დაფინანსებას განიხილავდა. ოქტომბრიდან ფონდის გააფართოვებს ექსპერტთა სიას ბენეფიციართა ასაკობრივი კრიტერიუმების ზრდის პარალელურად.
  • დაფინანსების განხილვისას კომისია გაითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:
  1. დიაგნოზის შესაბამისობას ფონდის მიერ გამოცხადებულ აპლიკაციებთან. როგორც აღინიშნა გაფართოვების მე-2 ეტაპზე განიხილება 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაფინანსება;
  2. კომისია განიხილავს დოკუმენტების სისრულეს – რამდენად არის წარმოდგენილი სავალდებული დოკუმენტების ნუსხიდან შესაბამისი საბუთები;
  3. ასევე კომისიის გადაწყვეტილება დაეფუძნება სოლიდარობის ფონდის მიერ კონკრეტული თვის განმავლობაში მოზიდული თანხების მოცულობას;
ექსპერტული დასკვნების საფუძველზე კომისია იმსჯელებს თანა-დაფინანსების ერთიან ფორმულაზე, რათა მოხდეს ფონდის მიერ მობილიზებული თანხების ობიექტურად გადანაწილება თითოეულ აპლიკანტზე.
გადახდის რა ფორმა არსებობს?
საქართველოს სოლიდარობის ფონდი გადახდებს აწარმოებს მხოლოდ საბანკო ტრანზაქციებით როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საბანკო ანგარიშებზე კონკრეტული პაციენტისათვის წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში/ინვოისში მითითებულ რეკვიზიტებზე.
ფინანსდება თუ არა საზღვარგარეთ მკურნალობისას მგზავრობის ხარჯები და გადახდის რა ფორმა არსებობს?
  • საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში სოლიდარობის ფონდი განიხილავს პაციენტის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების (თვითმფრინავის ან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების ბილეთის) დაფინანსებას.
  • მგზავრობის დასაფინანსებლად თანხა ასევე გადაირიცხება საბანკო ტრანზაქციით შესაბამისი კომპანიის საბანკო ანგარიშზე (ინვოისის შესაბამისად).
სოლიდარობის ფონდი ფინანსური რესურსების ხარჯთ-ეფექტური მართვის პრინციპებიდან გამომდინარე იტოვებს უფლებას გადახედოს პაციენტის მგავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მოიძიოს კონკრეტული სამგზავრო მიმართულებით მგზავრობის წარმოდგენილ ფასზე შედარებით ნაკლები ღირებულების შეთავაზებები და მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია პაციენტის ოჯახს.
როგორ გადავრიცხო თანხა?
 
  • საქართველოს სოლიდარობის ფონდში თანხის გადახდა სხვადასხვა მექანიზმით არის შესაძლებელი.
დღეისათვის ფონდის ანგარიშები გახსნილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 13 ბანკში. აქვე გაწვდით თითოეულ ბანკში მოქმედი ანგარიშის რეკვიზიტებს.
  • დონაციების ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც სისტემურად - ყოელთვიურად, ასევე ერთჯერადად თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ბანკის ფილიალებიდან;
  • საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს შეუძლიათ ყოველთვიურად ხელფასის გაცემის პერიოდში მოახდინონ ნებაყოფლობითი მცირე დონაციების გადარიცხვა სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე იმ საბანკო დაწესებულებაში, სადაც ირიცხება კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელფასები. აღნიშნულის კოორდინაცია შესაძლებელია შესაბამისი დაწესებულების ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელებთან;
  • მიუხედავად იმისა ყოველთვიურად ხელფასი გერიცხებათ თუ არა „ლიბერთი“ ბანკის ანგარიშებზე, სოლიდარობის ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში „ლიბერთი“ გთავაზობთ „ავტომატური გადარიცხვების“ უფასო სისტემას. ამისათვის საკმარისია ერთჯერადად „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეათანხმოთ თქვენი ანგარიშიდან ყოველთვიურად სოლიდარობის ფონდში გადასარიცხი თქვენთვის სასურველი თანხის მოცულობა და ყოველთვიურად „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს თქვენს მიერ შეთანხმებული თანხის ფონდში ავტომატურ გადარიცხვას.  
  • „საქართველოს ბანკთან“ მემორანდუმის ფარგლებში სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერებს საშუალება ეძლევათ, ასევე უფასოდ, საკომისიო გადახდის გარეშე ნებაყოფლობითი დონაცია განახორციელონ, როგორც “საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრში, ასევე ბანკის თვითმომსახურების ტერმინალების –  Paybox და ონლაინ www.epay.ge, www.ibank.ge, www.eonline.ge  არხების საშუალებით;
  • ინფორმაცია გადახდის ფორმებთან დაკავშირებით მუდმივად განახლდება და მიეწოდება საზოგადოებას
როგორ გადავრიცხო მცირე დონაცია ყოველთვიურად?
  • ყოველთვიური მცირე დონაციების განსახორციელებლად შეგიძლიათ შეავსოთ სტანდარტული თანხმობის ფორმა (დანართი #1) და წარუდგინოთ თქვენი ორგანიზაციის ფინანსურ დეპარტამენტს.
  • დღეისათვის ასევე გააქტიურებულია ლიბერთი ბანკის ე.წ. „ავტომატური გადახდების სერვისი“. მიუხედავად იმისა, გერიცხებათ თუ არა ხელფასი ლიბერთი ბანკში – თქვენ შეგიძლიათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში გააქტიუროთ ყოველთვიური მცირე დონაციების ავტომატური გადარიცხვის სერვისი.
  • მიუხედავად იმისა ყოველთვიურად ხელფასი გერიცხებათ თუ არა „ლიბერთი“ ბანკის ანგარიშებზე, სოლიდარობის ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში „ლიბერთი“ გთავაზობთ „ავტომატური გადარიცხვების“ უფასო სისტემას. ამისათვის საკმარისია ერთჯერადად „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეათანხმოთ თქვენი ანგარიშიდან ყოველთვიურად სოლიდარობის ფონდში გადასარიცხი თქვენთვის სასურველი თანხის მოცულობა და ყოველთვიურად „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს თქვენს მიერ შეთანხმებული თანხის ფონდში ავტომატურ გადარიცხვას.  
  • „საქართველოს ბანკთან“ მემორანდუმის ფარგლებში სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერებს საშუალება ეძლევათ, ასევე უფასოდ, საკომისიო გადახდის გარეშე ნებაყოფლობითი ყოველთვიური დონაცია განახორციელონ, როგორც “საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრში, ასევე ბანკის თვითმომსახურების ტერმინალების –  Paybox და ონლაინ www.epay.ge, www.ibank.ge, www.eonline.ge  არხების საშუალებით;
  • ავტომატური გადარიცხვების მექანიზმების გააქტიურება სხვა ბანკებშიც იგეგმება და ეტაპობრივად შესაბამისი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
როგორ გადავრიცხო თანხა სახლიდან გაუსვლელად – ONLINE?
  • მიმდინარეობს მუშაობა სოლიდარობის ფონდში ონ-ლაინ გადარიცხვის პლატფორმების ამოქმედებასთან დაკავშირებით
  • აღნიშნული მექანიზმის გააქტიურება საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება როგორც პრეს-კონფერენციების ასევე ინტერნეტ-სიახლეებით.
  • დღეისათვის ფონდთან დაკავშირებული ყველა სიახლე ქვეყნდება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ფეიბუქის ოფიციალურ გვერდზე (Facebook – „სოლიდარობა“).
  • 2014 წლის 10 ოქტომბერს კი ჩაირთვება ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზედაც განთავსდება ონ-ლაინ გადარიცხვის აპლიკაციები.
სად წავა ფონდში გადარიცხული თანხა?
  • ფონდს მოქმედი ანგარიშები აქვს 13 ბანკში. თითოეულ ბანკში ყოველთვიურად გადარიცხული თანხა ჯამდება და ფონდში შემოსული აპლიკაციების დასაფინანსებლად განიხილება ერთიანი კრიტერიუმების დაცვით.
  • მაგალითად, თუკი ფონდი ყოველთვიურად მხოლოდ 80,000 ლარის მობილიზებას შეძლებს, დაფინანსდება მხოლოდ 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნების მქონე ბავშვები. ყოველთვიურად 400,000 ლარამდე თანხების მობილიზება შექმნის პირობას, რომ დაფინანსდეს 22 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები როგორც ონკოჰემატოლოგიური, ასევე სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში.
  • მუდმივმოქმედი კომისიის თითოეული შეხვედრის შემდეგ სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში შემოსული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ დეტალური ფინანსური ანგარიშით.
როგორ მოვიქცე? მსურს დავეხმარო კონკრეტულ ადამიანს
  • ფონდი ყოველთვიურად გამოაქვეყნებს დაფინანსებული ბავშვების სიას – სამედიცინო დოკუმენტაციისკონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.
  • დღეისათვის კონკრეტული ბავშვის დახმარება შესაძლებელია პოსტ-ფაქტუმ – კომისიური განხილვის შემდეგ. მაგალითად თუკი კომისია დააფინანსებს სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვის სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ღონისძიებებს და კონკრეტული ბავშვი და მისი ოჯახი თანახმა იქნებიან აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, საშუალება მიეცემა თითოეულ მოქალაქეს დამატებით დაეხმაროს ოჯახს.
თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ვებ-პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება კონკრეტული ბავშვის დახმარება. 
მსურს შევიტყო იმ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, ვისაც დავეხმარე
  • როგორც აღინიშნა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ბავშვების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში ცნობილი გახდება ბავშვის საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენ პირადად მოგეცემათ საშუალება დაუკავშირდეთ ოჯახს და შეიტყოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  • გარდა ამისა, სოლიდარობის ფონდი პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეთანხმებით
პერიოდულად გამოაქვეყნებს სტატიებს კონკრეტული ბენეფიციარების შესახებ.
ვის შეუძლია მიმართოს სოლიდარობის ფონდს? ვის ჰქონდეს ფონდის დახმარების იმედი?
  • 2014 წლის 25 სექტემბრიდან ფონდი დახმარებას გაუწევს 21 წლის ასაკის ჩათვლით როგორც სოლიდური სიმსივნეების ასევე ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
  • ფონდი დაეხმარება აღნიშნული დიაგნოზის მქონე თითოეულ ბავშვსა და ახალგაზრდას შემოსული რესურსების მოცულობიდან გამომდინარე.
  • ფინანსური რესურსების ზრდის პარალელურად 2015 წლის დასაწყისში ფონდი გამოაქვეყნებს ინფორმაციას 22 წლის ასაკის ზემოთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შესაძლო დახმარების თაობაზე;
  • 2015 წლის მარტში ფონდი შეიმუშავებს შშმპ და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამებს
  • დაბოლოს 2016 წლიდან შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური პატრონაჟის (სპონსორობის) პროგრამების ამუშავება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მარტოხელა ასაკით პენსიონერების მხარდასაჭერად.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფონდის დახმარება გჭირდებათ?
  • ფონდის დახმარების მოსაპოვებლად უნდა შეავსოთ სტანდარტული განცხადების ფორმა. 2014 წლის 25 აგვისტოდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით მიიღება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიის საშუალებით (თბილისი, ინგოროყვას ქ. #7)
  • განცხადებისა და დოკუმენტების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოს სოლიდარობის ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე solidarity@geo.gov.ge
სად შეიძლება განცხადების სტანდარტული ფორმის მოძიება?
  • სოლიდარობის ფონდის განცხადების სტანდარტული ფორმა (ამობეჭდილი დოკუმენტი) შეგიძლიათ მოითხოვოთ მთავრობის ადმინისტრაციის მიმღებში (თბილისი, ინგოროყვას ქ. #7)
  • დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსია ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში (თბილისი, წერეთლის გამზ. #144)
  • განცხადების ფორმის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ დანართ #2-ში.
  • განცხადების ფორმის ელექტრონული ვერსია ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თავად ფონდის ადმინისტრაციიდან - ფორმაზე მოთხოვნის წარდგენით ელ-ფოსტის მისამართზე:solidarity@geo.gov.ge.
რით განსხვავდება სოლიდარობის ფონდი სხვა, მსგავსი საქველმოქმედო აქციბისა და ორგანიზაციებისგან?
  • საქართველოს სოლიდარობის ფონდი პირველი ფართო მასშტაბიანი ე.წ. ინოვაციური დაფინანსების პროექტია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სოლიდარობის ფონდების (შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის) და გლობალური პროექტების (UNITAID, Product(Red), Check out for Children) გამოცდილებას ეფუძნება.
  • მთავარი განსხვავება საქართველოს ფონდსა და სხვა აქციებსა და ფონდებს შორის არის ძირითადი ფინანსური რესურსების მოზიდვის პროგნოზირებადობა. მაგალითისათვის საჯარო მოხელეები და ასევე კერძო სექტორში დასაქმებული პირები ერთჯერადი თანხმობის ფორმის შევსებით უზრუნველყოფენ ყოველთვიურ მცირე დონაციებს. აღნიშნული სისტემით ფონდს ეძლევა შესაძლებლობა განსაზღვროს ყოველთვიურად მოსალოდნელი რესურსების მოცულობა და სისტემურად დაგეგმოს რომელი ბენეფიციარების დახმარების შესაძლებლობა იქნება.
  • გარდა ამისა, საქართველოს სოლიდარობის ფონდი წარმოადგენს ინტეგრირებულ პლატფორმას  საზოგადოების, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ თანხების მობილიზიაცის კუთხით.
  • სხვა ფონდებისაგან განსხვავებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ფონდის ადმინისტრაციულ ხარჯებს – საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადახდილი ინდივიდუალური თუ კორპორატიული დონაციებიდან არც ერთი თეთრი, არ მოხმარდება ფონდის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
რა გარანტიაა, რომ თანხა მიზანმიმართულად და დანიშნულებისამებრ დაიხარჯება?
სოლიდარობის ფონდის შენატანები საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობის მატარებელი რესურსი იქნება, შესაბამისად ფონდის მართვა და ანგარიშგება გამჭირვალობის მაქსიმალურ სტანდარტს დაექვემდებარება.
-           ადმინისტრირებისა და ანგარიშგების სისტემა უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდებოდეს მუდმივად-განახლებადი ინფორმაცია ფონდის მიერ შეგროვებული თანხის მოცულობაზე, კონკრეტული პაციენტების დაფინანსების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაცემულ დახმარებებზე.
-           ფონდის მიერ მობილიზებული თანხების მართვას უზრუნველყოფს უწყებათაშორისი სამეთვალყურეო საბჭო და მუდმივმოქმედი კომისია.
-           სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წარმოდგენილია შემდეგი წევრებით: საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები, საბანკო და ბიზნეს ასოციაციებისა და საბანკო დაწესებულებების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და აშშ საელჩოს წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ საბჭოს სხდომებზე.
-           აღნიშნული ორგანიზაციებით არის ასევე წარმოდგენილი მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც დამატებით ესწრება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექიმი-ექსპერტები.
-           მრავალ-უწყებრივი განხილვა, საბჭოსა და კომისიის წევრების როტაციული პრინციპით მონაწილეობა, ასევე ექსპერტთა მონაწილეობა ქმნის ფონდების მართვის ობიექტურ და გამჭვირვალე პლატფორმას.
-           კომისიის გადაწყვეტილებები რეგულარულად გასაჯაროვდება პაციენტთა კონფიდენციალურობის უფლების დაცვის გარანტიებით.
-           საქართველოს სოლიდარობის ფონდი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო საფინანსო კონტროლის არსებულ მექანიზმებს. აღნიშნული წარმოადგენს დამატებით გარანტიას ფონდის მიერ მოზიდული თანხების ეფექტური და მიზანმიმართული განკარგვის კუთხით.
ფონდის კონცეფცია და შესაბამისობა საერთაშორისო გამოცდილებასთან
ფონდის კონცეფცია ეფუძნება ე.წ. „დაფინანსების ინოვაციურ მოდელს“, რომელიც 2005 წლიდან განიხილება ისეთი მაღალი დონის ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, G-8 და ევროკავშირის სამიტები. 2006 წლიდან კი იწყება ინოვაციური დაფინანსების გლობალური პროექტები, მათ შორის UNITAID (ავიაბილეთებიდან შემოსული თანხების შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წამლების ფონდში გადარიცხვა) და Product-Red (არმანის, ნაიკის და სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქციის გაყიდვისას მიკრო-დონაციები შიდსის პროგრამებისათვის).
- ასევე ფონდის პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა ინდივიდუალური ქვეყნებისა და რეგიონის დონეზე არსებული პრაქტიკა ევროკავშირის, შვეიცარიის, გერმანიის, ჩეხეთისა და საფრანგეთის სოლიდარობის ფონდების მაგალითებზე.
- სწორედ ამ მიმოხილვაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა საქართველოს სოლიდარობის ფონდის პროექტი. საქართველოს სოლიდარობის ფონდი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მხრივ, რომ შექმნის დაფინანსების სხვადასხვა წყაროს ინტეგრირებულ პლატფორმას, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები და გლობალური პროექტები დაფინანსების ერთ კონკრეტულ მექანიზმზე მუშაობენ (მაგ.: მხოლოდ ავია-ბილეთებიდან შემოსული თანხები).
- ამასთანავე სოლიდარობის ფონდი ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობისა(Corporate Social Responsibility) და კერძო და საზოგადოებრივი თანამშრომლობის (Public Private Partnership) განვითარებას, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია გლობალურ პოლიტიკურ პლატფორმებთან და პრიორიტეტებთან.
ფონდის დაფინანსების შესაძლო წყაროები
საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფინანსება რამოდენიმე წყაროს დაეყრდნობა. პირველ რიგში ეს იქნება საჯარო მოხელეების მიერ ყოველთვიურად, ნებაყოფლობით გაცემული მიკრო-დონაციები 1 (ერთი) ან მეტი ლარის ოდენობით; სახელფასო ფონდებიდან ყოვეთვიური მცირე შემოწირულობებით იმედი გვაქვს, რომ შემოგვიერთდებიან არასამთავრობო სექტორში დასაქმებული თანამემამულეებიც.
- ასევე გათვალისწინებულია ნებაყოფლობითი მცირე-დონაციების ამოქმედება ავია-და კინოთეატრების ბილეთების გაყიდვებიდან და საქართველოს მასშტაბით სასტუმროების ქსელში სტუმართა მიერ გაღებული თანხებიდან. დაფინანსების შესაძლო წყაროები მრავალობითია, რომელსაც ფონდი პირველი ნაბიჯების შემდეგ ეტაპობრივად გააფართოვებს (მაგ. საბანკო ტრანზაქციებისა და რეკლამის განთავსებისას შემოწირულობები).
- პირველ ეტაპზე, მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიერ თვეში თუნდაც 1 ლარის დონაციით, სოლიდარობის ფონდი სისტემურად შეძლებს თვეში 400,000 ლარის თანხის შეგროვებას, რომელიც მთლიანად დაფარავს 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე)  ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემას. 
აქვს თუ არა სოლიდარობის ფონდს ცხელი ხაზი?
დამატებითი კითხვებისა და განმარტებებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 15-05.
ასევე კონკრეტული შეკითხვებისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე solidarity@geo.gov.ge
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
1,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
1,00

ჯამი

2,00