ფონდის ისტორია და მიზანი

ფონდის ისტორია და მიზანი
 
სოლიდარობის ფონდის შექმნის წინაპირობები
 
საქართველოს მთავრობამ 2013 წელს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის პირობებში უპრეცედენტოდ გაზარდა, თითქმის გააორმაგა, ჯანდაცვის სექტორის ბიუჯეტი. საქართველოს თითოეული მოქალაქე დღეს გარანტირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური სამედიცინო მომსახურების პაკეტით და ბენეფიციართა 80%-ზე მეტი კმაყოფილებას გამოთქვამს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიღებული სერვისებით. 
                               
თუმცა, აღნიშნული მიღწევების პარალელურად რჩებოდა რიგი ძვირადღირებული სამედიცინო ჩარევებისა, რომელთა სრულად დაფარვა არსებული სახელმწიფო რესურსებით ვერ ხერხდებოდა. მაგალითად დადასტურებული სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში საზღვარგარეთ ონკოლოგიური პაციენტებისათვის ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან/და სხივური თერაპია პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ასევე ჯერ კიდევ სერიოზულ  ფინანსურ ტვირთთან ასოცირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სარეაბილიტაციო სერვისები. 
 
კონკრეტულ შემთხვევებში პაციენტის ოჯახის წევრები,  მეგობრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებოდნენ ფონდების შესაძლო მობილიზაციისათვის. დღემდე არ არსებობდა ერთიანი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა რესურსების სისტემურ  მობილიზაციას, ძვირადღირებული სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროების წინაშე მდგარი ყველა შესაძლო ბენეფიციარის დახმარებას, მოზიდული სახსრების გამჭირვალე ადმინისტრაციასა და საზოგადოების წინაშე რეგულარულ ანგარიშგებას. 
 
სწორედ ერთიანი პლატფორმის შემუშავების მიზნით, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (მ.შ. შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის) და გლობალური ორგანიზაციების (მაგ. UNITAID, ProductRed) გამოცდილების შეჯერებით დაფუძნდა საქართველოს სოლიდარობის ფონდი.  
 
ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის  2014 წ. 9 ივნისის დადგენილებით ჩაეყარა საფუძველი.  
 
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობითი მცირე დონაციებით (მიკრო-დონაცია, მიკრო-ფილანტროპია) ფინანსური რესურსების მობილიზებას ინდივიდუალური მოქალაქეებისა და კორპორატიული ინიციატივებიდან და ყველაზე მწვავე სოციალურ საჭიროებებზე სისტემურ მიმართვას. 
 
სოლიდარობის ფონდის მიზნები და ამოცანები
 
ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.
 
საქართველოს სოლიდარობის ფონდის ამოქმედება ხელს შეუწყობს სამოქალაქო სოლიდარობის, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის (Corporate Social Responsibility) და კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომობის (Public Private Partnership) კონსოლიდირებული და გამჭირვალე მართვის მექანიზმის შექმნას. 
 
ფონდის კონკრეტული ამოცანები განსაზღვრულია ეტაპობრივი განვითარების კუთხით და მოიცავს შემდეგ სამიზნეებს.
 
  • პირველ ეტაპზე (2014-2015 წლებში) ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. აღნიშნული მოიცავს როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსებას საზღვარგარეთ იმ ინტერვენციებისათვის, რომელთა განხორციელება ჯერ არ არის შესაძლებელი საქართველოში (მაგ. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია), ასევე საქართველოში სახელმწიფო ან/და კერძო დაზღვევის პირობებში თანა-დაფინანსებას. გარდა ამისა, ფონდი მუშაობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან განსაკუთრებით ძვირადღირებული ანტინეოპლაზიური მედიკამენტების (მაბტერა, ჰერცეპტინი, სხვ.) ფასების შესამცირებლად. პირველივე ეტაპზე განისაზღვრება თანადაფინანსების შესაძლებლობები ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილი მოსახლეობისათვის. პარალელურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ონკოლოგიური სერვისების განვითარების გეგმას, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ ჩასატარებელი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები შეიქმნება ადგილობროვ დონეზე.
 
  • ფონდის განვითარების მე-2 ეტაპზე (2015 წლის მე-2 ნახევრიდან) ყურადღება გამახვილდება დამატებითი ფინანსური გარანტიების შექმნაზე შეზღუდული შესაძლებლობებისა  (შშმ) და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. მე-2 ეტაპზე ფონდის კონკრეტული ამოცანებია 18-წლამდე ასაკის შშმ და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისათვის სახელმწიფო დაფინანსების პარალელურად დარჩენილი ფინანსური ტვირთის შემსუბუქება სრულფასოვანი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სერვისების მისაღებად. განიხილება ენტი-ეპილეფსიური მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის აბილიტაციის პროგრამები და სხვა. 
 
  • დაბოლოს, ფონდის განვითარების მე-3 ეტაპზე (2016 წლიდან) ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერაზე ინდივიდუალური ფილანტროპიის პრინციპით. შესაძლო პროგრამები მოიცვას სიღარიბეში მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მარტოხელა პენსიონერებისათვის ინდივიდუალური და კორპორატიული ნებაყოფლობითი სპონსორობის პროგრამების ამოქმედებას (მათ შორის სისტემურად ორგანიზებული არაფულადი დახმარებები).
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
190,00

ჯამი

10865205,00