ფონდის ისტორია და მიზანი

ფონდის ისტორია და მიზანი 
 
სოლიდარობის ფონდის შექმნის წინაპირობები 
 
საქართველოს მთავრობამ 2013 წელს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის პირობებში უპრეცედენტოდ გაზარდა, თითქმის გააორმაგა, ჯანდაცვის სექტორის ბიუჯეტი. საქართველოს თითოეული მოქალაქე დღეს გარანტირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური სამედიცინო მომსახურების პაკეტით და ბენეფიციართა 80%-ზე მეტი კმაყოფილებას გამოთქვამს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიღებული სერვისებით. 
                               
თუმცა, აღნიშნული მიღწევების პარალელურად რჩებოდა რიგი ძვირადღირებული სამედიცინო ჩარევებისა, რომელთა სრულად დაფარვა არსებული სახელმწიფო რესურსებით ვერ ხერხდებოდა. მაგალითად დადასტურებული სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში საზღვარგარეთ ონკოლოგიური პაციენტებისათვის ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან/და სხივური თერაპია პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული.  

კონკრეტულ შემთხვევებში პაციენტის ოჯახის წევრები,  მეგობრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებოდნენ ფონდების შესაძლო მობილიზაციისათვის. დღემდე არ არსებობდა ერთიანი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა რესურსების სისტემურ  მობილიზაციას, ძვირადღირებული სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროების წინაშე მდგარი ყველა შესაძლო ბენეფიციარის დახმარებას, მოზიდული სახსრების გამჭირვალე ადმინისტრაციასა და საზოგადოების წინაშე რეგულარულ ანგარიშგებას. 
 
სწორედ ერთიანი პლატფორმის შემუშავების მიზნით, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (მ.შ. შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის) და გლობალური ორგანიზაციების (მაგ. UNITAID, ProductRed) გამოცდილების შეჯერებით დაფუძნდა საქართველოს სოლიდარობის ფონდი.  
 
ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის  2014 წ. 9 ივნისის დადგენილებით ჩაეყარა საფუძველი.  
 
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობითი მცირე დონაციებით (მიკრო-დონაცია, მიკრო-ფილანტროპია) ფინანსური რესურსების მობილიზებას ინდივიდუალური მოქალაქეებისა და კორპორატიული ინიციატივებიდან და ყველაზე მწვავე სოციალურ საჭიროებებზე სისტემურ მიმართვას. 
 
სოლიდარობის ფონდის მიზნები და ამოცანები 
 
ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.


ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. აღნიშნული მოიცავს როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსებას საზღვარგარეთ იმ ინტერვენციებისათვის, რომელთა განხორციელება ჯერ არ არის შესაძლებელი საქართველოში (მაგ. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია), ასევე საქართველოში სახელმწიფო ან/და კერძო დაზღვევის პირობებში თანა-დაფინანსებას.
 
დაეხმარე ფონდს
სულ ჩარიცხული თანხა
10865015,00
მიმდინარე ონლაინ გადარიცხვები
3968,00

ჯამი

10868983,00