აპოსტილი თუ საკონსულო ლეგალიზაცია? შეამოწმეთ ქვეყნის მიხედვით

თუ დანიშნულების ქვეყანა 1961 წლის ჰააგის კონვენციის წევრია, დოკუმენტს ერთი შტამპი, აპოსტილი სჭირდება. თუ წევრი არ არის, საჭიროა საკონსულო ლეგალიზაცია: რამდენიმე უწყების დამოწმება, მათ შორის იმ ქვეყნის საელჩოსი. აირჩიეთ ქვეყანა, მიმართულება და დოკუმენტის ტიპი, ხელსაწყო კი გაჩვენებთ, რომელი გზა გჭირდებათ და რა თანმიმდევრობით.

შემოწმება

საით მიდის დოკუმენტი?

მოკლედ: როგორ გავარჩიოთ

  • აპოსტილი ჰააგის კონვენციის წევრ ქვეყნებს შორის მოქმედებს და ერთი შტამპია, რომელსაც საქართველოში იუსტიციის სახლი სვამს.
  • საკონსულო ლეგალიზაცია არაწევრი ქვეყნებისთვისაა: იუსტიციის სახლის შტამპის შემდეგ დოკუმენტს დანიშნულების ქვეყნის საელჩოც ამოწმებს.
  • შტამპი იმ ქვეყანაში ისმება, სადაც დოკუმენტი გაიცა. უცხოურ დოკუმენტს საქართველოში აპოსტილს ვერ დაუსვამენ.
  • კლინიკისა და სასწავლებლის დოკუმენტი პირდაპირ აპოსტილდება, ბანკის, დამსაქმებლის ან კომპანიის დოკუმენტს კი ჯერ ნოტარიუსი ამოწმებს.
  • ჩინეთი 2023 წლიდან და კანადა 2024 წლიდან კონვენციის წევრები არიან: მათთვის ლეგალიზაცია აღარ არის საჭირო.

აპოსტილი და ლეგალიზაცია ერთ ცხრილში

ორივე პროცედურა ერთსა და იმავეს ადასტურებს: რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა და ბეჭედი ნამდვილია. განსხვავება ისაა, რამდენი უწყება მონაწილეობს და რამდენ ხანს გრძელდება გზა.

აპოსტილისა და საკონსულო ლეგალიზაციის შედარება
კრიტერიუმი აპოსტილი საკონსულო ლეგალიზაცია
როდისქვეყანა ჰააგის კონვენციის წევრიაქვეყანა კონვენციის წევრი არ არის
ვინ ამოწმებს საქართველოშიიუსტიციის სახლიიუსტიციის სახლი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ დანიშნულების ქვეყნის საელჩო
ეტაპებიერთი შტამპიორი ან მეტი რგოლი, ზოგჯერ დამოწმება ჩასვლის შემდეგაც
ვადარამდენიმე სამუშაო დღე, არის დაჩქარებული რეჟიმიცსაელჩოს დატვირთვაზეა დამოკიდებული, ხშირად რამდენიმე კვირა
ნამდვილობის შემოწმებააპოსტილის ნომრით, ელექტრონულ რეესტრშიყოველი რგოლის ბეჭდითა და ხელმოწერით

დეტალური პროცედურები: აპოსტილი იუსტიციის სახლში და საკონსულო ლეგალიზაცია არაწევრი ქვეყნებისთვის.

როდის არ სჭირდება დოკუმენტს არც აპოსტილი და არც ლეგალიზაცია

ორივე პროცედურა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა დოკუმენტი სხვა ქვეყნის ოფიციალურ ორგანოს ან ოფიციალურ პროცედურას წარედგინება: საელჩოს, სასამართლოს, ნოტარიუსს, რეესტრს, სადაზღვევო კომპანიას, ზოგჯერ სახელმწიფო კლინიკას. ბევრ სხვა შემთხვევაში დამოწმება ზედმეტი ხარჯია.

  • კონსულტაცია და მეორე აზრი უცხოურ კლინიკაში. კერძო კლინიკების უმეტესობას კალკულაციისა და მეორე აზრისთვის ზუსტი თარგმანი ჰყოფნის, ელექტრონული ასლითაც.
  • შიდა გამოყენება. თუ თარგმანი მხოლოდ თქვენთვის ან მკურნალი ექიმისთვისაა, მას ოფიციალური ძალა არ სჭირდება.
  • ხელშეკრულებით გათავისუფლებული დოკუმენტები. ზოგიერთ ქვეყანასთან სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება ცალკეულ ოფიციალურ დოკუმენტს დამოწმებისგან ათავისუფლებს, თუმცა მიმღებები პრაქტიკაში ხშირად მაინც აპოსტილს ითხოვენ.

ამიტომ პირველ კითხვას ყოველთვის მიმღებს ვუსვამთ: რა ფორმით სჭირდება დოკუმენტი. ხშირად ერთი წერილი კლინიკისთვის ან საელჩოსთვის მთელ ეტაპს ზოგავს.

ხელსაწყო ზემოთ თქვენს არჩევანს მხოლოდ ბრაუზერში ამუშავებს: არაფერი იგზავნება და არაფერი ინახება. შედეგი ზოგადი წესია, ხოლო კონკრეტული მიმღების მოთხოვნას შეკვეთისას ცალკე ვამოწმებთ.

ხუთი შეცდომა, რის გამოც დოკუმენტი უკან ბრუნდება

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა დროსაც და თანხასაც ხარჯავს, მაგრამ წინასწარ ადვილად გამოსარიცხია.

  1. ლეგალიზაცია იქ, სადაც აპოსტილი კმარა

    ქვეყნების სია იცვლება. ვინც ჩინეთისთვის ან კანადისთვის დღესაც ლეგალიზაციას გთავაზობთ, მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ზედმეტ ეტაპს გახდევინებთ.

  2. კერძო დოკუმენტი ნოტარიუსის გარეშე

    ბანკის, დამსაქმებლის ან კომპანიის ცნობას იუსტიციის სახლი პირდაპირ არ ამოწმებს. ჯერ ნოტარიუსმა უნდა დაამოწმოს ასლი ან თარგმანი. კლინიკისა და სასწავლებლის დოკუმენტზე ეს წესი არ ვრცელდება.

  3. უცხოური დოკუმენტი საქართველოში აპოსტილისთვის

    საზღვარგარეთ გაცემულ მოწმობას შტამპი იმ ქვეყანაში სჭირდება. საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ამის გამოსწორება მხოლოდ კურიერით გაგზავნითა და ხელახალი რიგით შეიძლება.

  4. თარგმანი შტამპის გარეშე

    აპოსტილი და ლეგალიზაციის შტამპები დოკუმენტის ნაწილია და მათაც თარგმნიან. თარგმანი, რომელშიც შტამპის ტექსტი არ წერია, ხშირად არასრულად ითვლება.

  5. "ძველი" ცნობა

    ზოგი საელჩო და უწყება ნასამართლობისა და ოჯახური მდგომარეობის ცნობას მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაცემულს იღებს. ცნობის აღებამდე მიმღების წესს ვამოწმებთ.

თუ დოკუმენტი ჯერ აღებული არ გაქვთ, ცნობასა და ამონაწერს თქვენი სახელით ავიღებთ, ხოლო თარგმანის ფასს წინასწარ თარგმანის ფასის კალკულატორით გაიგებთ.

ხშირად დასმული კითხვები აპოსტილისა და ლეგალიზაციის არჩევაზე

სად შევამოწმო, ქვეყანა ჰააგის კონვენციის წევრია თუ არა?

ოფიციალური წყარო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის სტატუსების ცხრილია, სადაც ყოველი ქვეყნისთვის კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი წერია. ჩვენი ხელსაწყო ამ სიას ეყრდნობა და ქართველი კლიენტებისთვის ყველაზე ხშირ ქვეყნებს მოიცავს. სია დროდადრო იცვლება, ამიტომ ყოველ შეკვეთაზე ოფიციალურ ცხრილს ხელახლა ვამოწმებთ, სანამ დოკუმენტს იუსტიციის სახლში წარვადგენთ.

თუ ქვეყანა სიაში არ არის, რა გავაკეთო?

ხელსაწყოში ის ქვეყნებია, სადაც ქართველი პაციენტები და ოჯახები ყველაზე ხშირად მიდიან. თუ თქვენი ქვეყანა სიაში ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: ოფიციალური სიით შევამოწმებთ, წევრია თუ არა, და დაგიწერთ, რა ეტაპები სჭირდება დოკუმენტს. თუ ქვეყანა არაწევრია, დავაზუსტებთ, სად მდებარეობს მისი საელჩო ან საკონსულო, რადგან ხშირად ის მეზობელ ქვეყანაშია.

აპოსტილი თარგმანზე ისმება თუ დედანზე?

ორივე ვარიანტი არსებობს და არჩევანი მიმღების მოთხოვნაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო დოკუმენტზე აპოსტილი ჩვეულებრივ დედანს ესმევა, შემდეგ კი დოკუმენტი შტამპის ჩათვლით ითარგმნება. ზოგი მიმღები ითხოვს, რომ საქართველოში შესრულებული ნოტარიული თარგმანიც აპოსტილით იყოს დამოწმებული, ზოგი კი თარგმანს თავის ქვეყანაში, ნაფიცი თარჯიმნისგან ელოდება. ამას ყოველთვის წინასწარ ვაზუსტებთ.

აუცილებელია, რომ აპოსტილისთვის თავად მივიდე იუსტიციის სახლში?

არა. იუსტიციის სახლში დოკუმენტს ნებისმიერი პირი წარადგენს და ამისთვის მინდობილობა არ არის საჭირო, რადგან აპოსტილი დოკუმენტს ამოწმებს და არა მის მფლობელს. ამიტომ, თუ საზღვარგარეთ ხართ, საკმარისია დოკუმენტი საქართველოში გვქონდეს: ჩვენ წარვადგენთ, შტამპს დავასმევინებთ, საჭიროებისამებრ ვთარგმნით და DHL-ით გამოგიგზავნით. მინდობილობა მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ ჯერ ცნობის ან ამონაწერის აღებაა საჭირო თქვენი სახელით.

რამდენ ხანს მოქმედებს აპოსტილი?

აპოსტილს თავისთავად ვადა არ აქვს: ის ადასტურებს, რომ კონკრეტულ თარიღზე დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ნამდვილი იყო. თუმცა მიმღებმა შეიძლება თავად დოკუმენტის სიძველე შეზღუდოს. ზოგი საელჩო, მაგალითად, ნასამართლობის ცნობას მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში გაცემულს იღებს. ასეთ შემთხვევაში ახალი ცნობაა საჭირო და მასზე ახალი აპოსტილი, ძველის განახლება არ ხდება.

სრულ ციკლს ჩვენ გავივლით

გვითხარით, რა დოკუმენტია და რომელ ქვეყანაში მიდის. შევამოწმებთ მიმღების მოთხოვნას, გავივლით ყველა ეტაპს და მზა დოკუმენტს თქვენს მისამართზე გამოგიგზავნით.

ფასისა და ვადის გაგება